ბატონო პრეზიდენტო, ვეტო დაადეთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს!!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ISFED, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, კოალიციის  -„არჩევანის თავისუფლება“ და ფონდ - „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიმართვას და

მოვითხოვთ:

ვეტო დაადოთ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილ ანტიკონსტიტუციური ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოთ.

კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე, ის იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები 2011 წლის 28 დეკემბერს – საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას მიიღო.

გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი ასეთ რეჟიმში მიღების ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ 2012 წლის არჩევნები არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე იზრუნოს, იგი რეგლამენტის უხეში დარღვევით, მოულოდნელად იღებს ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური დევნის "ლეგალურ" იარაღად იქნეს გამოყენებული.

ჩვენ მოვითხოვთ, გამოიყენოთ თქვენი უფლება და ასევე ვალდებულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების წინაშე, ვეტო დაადოთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს!